შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაახლოებით რვა საათი დარჩა. კაპიტოლიუმის შენობის წინ ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენი ფიცს დადებენ. ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს, ცერემონიის სატელევიზო ეთერს კი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება. ინაუგურაციაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, თუმცა მთავარი განსხვავება წინა ღონისძიებებისგან მაინც ის იქნება, რომ ცერემონია პანდემიას ემთხვევა. ღონისძიებაზე დაცული იქნება სოციალური დისტანცია. ცარიელი იქნება ეროვნული ხეივანი, სადაც ტრადიციულად ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა ინაუგურაციებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს. ამის შემდეგ კი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.