ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

08 იანვარი 2021, 16:54 294 ნახვა

ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ.

მათი თქმით, ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. მიიჩნევენ, რომ კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეა. პროექტის თანახმად, ამნისტია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება, ძირითადად შეეხება ნარკოდანაშაულს, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია.

ამნისტია არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა თუნდაც გაუფრთხილებლობით მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული პირი სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ნასამართლობის არმქონეა, დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან აანაზღაურა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში