პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს დღეს დაკრძალავენ 

05 იანვარი 2021, 10:50 1347 ნახვა

პროფესორი, ენათმეცნიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტარიელ ფუტკარაძე იყო სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ქართველური ენათმეცნიერება“ ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების („ქართული ფილოლოგია“, „ქართველური ენათმეცნიერება“) ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 

გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ენათმეცნიერებაში და 300-მდე პუბლიცისტური წერილი.

1984 წლიდან მისი ხელმძღვანელობით მოეწყო დიალექტოლოგიური ექსპედიციები: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში;

ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოწერილი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1991 წელს იყო ქ. ბათუმის პრეფექტი და 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თემაზე საქართველოში ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის ორგანიზატორი აჭარაში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ დეპუტატთა შუამდგომლობის გათვალისწინებით ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეცნიერს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში