პარლამენტი 4 იანვრიდან “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა.
არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება.ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.