ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა. იემსის თქმით, პროკურატურამ გამოძიება მაშინ შეწყვიტა, როცა პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი იცავს.