დღეს ვიხილეთ სიყალბის კიდევ ერთი აღიარება - ირაკლი კობახიძე ''სამართლიან არჩევნებზე''

25 დეკემბერი 2020, 14:22 1785 ნახვა

როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა და ამ ოქმს უხეშად დაუბალანესებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა - ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 

''ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენი ამოცანაა, სრულად ნათელი მოეფინოს იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარალელური დათვილის (PVT) შედეგები გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი.

''დღეს ვიხილეთ სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. გახსოვთ ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა, რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო-საარჩევნო კომისიებმა, მათ შორის ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერების თანხლებით გადაუგზავნეს ცესკოს. 

ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკოს შედეგების აცდენა, პარალელური დათვილის (PVT) შედეგებთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარი საყრდენი. ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხარვეზსს, რომელიც მათივე ინფორმაციით ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში იცოდნენ. 

ეჭვებს ასევე აღრმავებს ის გარემოებაც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზების განმარტება ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია, მით უმეტეს, რომ ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების PVT-ის შედეგები 10 ან 11:00 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოსდა, საარჩევნო უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამგვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს.

სინამდვილეში, ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0,5 პროცენტია, რაც სრულად თავსებადია სხავადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში