გაგრძელდება სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და ამუშავდება ახალი პროგრამა "სასურსათო კალათა" -თორნიკე რიჟვაძე

24 დეკემბერი 2020, 14:13 990 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა  უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა კოვიდპანდემიის დროს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უმოკლეს დროში უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკაში COVID19-ის მართვის ცენტრი განთავსდა.

პანდემიის პერიოდში ონლაინ კლინიკებში ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის სერვისებით ისარგებლა 29 525 პაციენტმა, კოვიდსასტუმროში მკურნალობა ჩაიტარა 13 670 პირმა, ხოლო ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარა 9 744 პაციენტი.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 000 მდე სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასურსათო კალათების შესაძენად 367 332 ლარი გამოიყო.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ასევე იმ სიახლეებზე, რაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით არის დაგეგმილი. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გახდეს მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა და რეგიონში უნდა გაგრძელდეს სოციალური სახლების მშენებლობა.

''გაგრძელდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.

2021 წლიდან ამუშავდება ახალი პროგრამა - სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის "სასურსათო კალათით" უზრუნველყოფა. გაგრძელდება დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკის პრევენციული ღონისძიებები'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი