საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება.
უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
''საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:
2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა - ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’
2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.
თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფრო ვრცლად იხილეთ ლინკზე: http://pog.gov.ge/news/saqa-1
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.