საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დროისათვის ხუთმა ოპოზიციურმა ძალამ მიმართა, ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, „ევროპული საქართველო”, „ლეიბორისტული პარტია”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ლელო საქართველოსთვის“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში.
ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ,,ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.