„გეგონებათ საქართველოს უნდა ვუღალატო თუ პარლამენტში შევალ“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომამდე კი დაახლოებით 40 საათი რჩება. ელისაშვილის ეს განცხადება ოპოზიციაში ურთიერთ ბრალდებების მიზეზი გახდა. ეს იმის პარალელურად, როცა ოპონენტებს შორის შეთანხმება მიუღწეველია. მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე მხარეთა პოზიციები ისევ რადიკალურად განსხვავებულია. ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე თქვა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „მოქალაქეების“ ლიდერი "საბაბს ეძებს" პარლამენტში შესასვლელად და ამისთვის ოპოზიციაზე თავდასხმა გამოიყენა. ასე გამოეხმაურა იგი ელისაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ევროპული საქართველო საბოტაჟითაა დაკავებული, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. სავარაუდოდ, ოპონენტებს შორის მეხუთე რაუნდი დღეს გაიმართება, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები “ლელოს” ოფისში ისევ შეიკრიბებიან.