გრძელდება სპეცოპერაცია თბილისში წერეთლის გამზირზე. სოციალურ ქსელში კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. ახალგაზრდა კაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს: "შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება. თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული და მას 9 მძევალი ჰყავს. პოლიციამ კი მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულია შეჭრილი. წერეთლის გამზირზე დაიკეტა მიმდებარედ არსებული მაღაზია. პოლიციას გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მდებარეობს წერეთლის მეტროსა და იქ მდებარე პოლიციის განყოფილებასთან ახლოს. ოფისში თავდამსხმელის შეჭრასთან დაკავშირებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" განცხადება გაავრცელა. ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება "ემბისი"-ს უპირველესი ამოცანაა," - ნათქვამია განცხადებაში. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ შეირაღებული მოქალაქის სახელს და გვარსაც, გავრცელებული ინფორმაციით ის არის ლევან ზურაბიშვილი. ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა,რომ იგი ბორჯომიდანა.