"ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო"- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საარჩევნო უბნებზე პოლიტიკოსებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას.
თორნიკე რიჟვაძემ ლევან ვარშალომიძეს ჩამქრალი ვარსკვლავთბიუჭუნა უწოდა და ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
"მინდა შევაფასო ოპოზიციის მიერ დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით. ამომრჩეველზე ზემოქმედება არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, პოლიტიკურად ეს არის აბსოლუტურად უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ამომრჩეველს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ვარწმუნებ, რომ ვერავინ ვერ შეძლებს მათ ნებაზე ზემოქმედებას, ხმის მიცემის პროცესის დაზიანებას და ყველას მიეცემა თავისუფალ გარემოში ხმის მიცემის საშუალება.
რაც შეეხება ოპოზიციის, შემდგომ, მოდიფიცირებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა, მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო. რა თქმა უნდა ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ რეგიონში კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია იქნება შესაბამის პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული.
ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ ლიდერები მათი ჩვეული ხელწერით აგრძელებენ ქალებს, ბავშვებს ამოფარებულნი პოლიტიკურ დესტრუქციას. ძალიან მალეა ის დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავთბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ,,ობლასტში'' განათხოვრებული სააკაშვილის მხრიდან, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.