ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი პირები მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მათთვის კონკრეტულ სასჯელების თაობაზე კიდევ ერთი სხდომა გაიმართება.
"გავასაჩივრებთ. ეს იმდენად უკანონო განაჩენია, იურისტიც არ უნდა იყო რომ დაამტკიცო, რომ ბრალდებული პირები უდანაშაულოა. მოსამართლემ გუშინწინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და 2 დღეში დადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ მას განაჩენი დიდი ხნის დაწერილი ჰქონდა, ედო უბრალოდ კარადაში, ახლა გადმოიღო და წაიკითხა.
მიზანი არის, რომ ასიამოვნოს პროკურატურას და საზოგადოების უკმაყოფილება არ გამოიხატოს, ამიტომ ყველა პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი" - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო ორს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.