გონიოს მიწების საქმესთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ კერძო დავები საქმის წარმოებიდან ამოიღო. მიზეზი ადგილობრივ დონეზე მიღწეული შეთანხმებაა. განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია გონიოში მოსახლეობისთვის 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე, რისი რეგისტრირების და საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით გონიოს მკვიდრებმა სხვადასხვა დროს არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საქმეები ინდივიდუალურად განიხილებოდა საქართველოს სასამართლოებში, ოთხმა მოქალაქემ კი სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში განაგრძო. სწორედ შავაძის, კვირიკაძის, მახარაძისა და ირემაძის საქმეები ამოირიცხა განსახილველთა ნუსხიდან ევროპულმა სასამართლომ , რადგან მათ მიწები სამი წლის წინ საკუთრებაში დაურეგისტრირდათ. მიწის საკუთრებაზე დავა გონიოში 165 ოჯახს ჰქონდა. მათგან 140 მოქალაქე დაკმაყოფილდა. მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომელთაც საკუთრების დაცვის მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. იმ მოქალაქეებისთვის, კი რომელთაც ჯერ მიწები არ დაუბრუნდათ, აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ სამთავრობო კომისიის მუშაობა გრძელდება. ადვოკატის ინფორმაციით, მოქალაქეების დავა წლების განმავლობაში გაწეული ხარჯისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითაც მიმდინარეობს.