გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებები

12 ნოემბერი 2020, 14:45 939 ნახვა

არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

"მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს. ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს.

მისი განსხვავებული აზრი არის მისი აზრი, მას არ ეთანხმება ოპოზიციის 100% და მისი პარტიის 99.9%. მე მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი არის ადამიანურად ნაწყენი, ვფიქრობ ახლა არცერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. თუ ბატონ გრიგოლს აქვს სურვილი ამ ყველაფრის ნაწილი იყოს, ის ამ ყველაფრის ნაწილი იქნება. მე ვერ ვხედავ, რომ ერთობას ამ ყველაფრით პრობლემა შეექმნას“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, რაღაც ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან.

„რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს "გირჩის" ლიდერს. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მისთვის უცნობია, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე “რუსთავი 2”-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?

ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ მისულიყო “რუსთავი 2”-ზე და იგივე ეთქვა, ახლა მთელი ოპოზიციური მედია ამის გარკვევით იქნებოდა დაკავებული, ის ლიდერი კი - საჯაროდ ჯვარცმული”, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც".

"მე არ ვიცი რას გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები და დიპლომატიური კორპუსი არის იმის მომხრე, რომ საქართველოში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გადალახეს  1 % ბარიერი და შემოვიდნენ პარლამნეტში.

სამწუხაროა ისიც, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩარევის გარეშე, ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებზე არ მოდიან"-აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი