საქართველოს სახალხო დამცველი გმობს პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას. რაც მისი თქმით, მოქალაქეებში აღრმავებს განცდას, რომ მათი პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია არ არის დაცული. ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული ფარული ჩანაწერები, ომბუდსმენის განმარტებით, ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. ცნობისთვის, ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებ-გვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო სალომე სამადაშვილის პირადი კომუნიკაციის ამსახველი აუდიო ჩანაწერი.