ეს იყო მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე - თორნიკე რიჟვაძე

05 ნოემბერი 2020, 00:04 1514 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელი ინციდენტი იყო მიზანმიმართული შეტევა საარჩენო კომისიების მუშაობაზე და ვერცერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი, სცენარები ვერ განვითარდება.

"არჩევნების გამართვის დღიდან დღემდე, რიგი უწყებები, ძალიან კვალიფიციურად, უმაღლესი მომზადებით და თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, საბოლოო ფორმალიზებას. მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული, რიგმა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა შემოიტანონ ამ პროცესში ქაოსისა და არეულობის განცდა. არაერთი ანალოგი კეთდება სხვადასხვა რევოლუციურ სცენართან, რაც არის ღიმილის მომგვრელი. როგორც,სამართალდამცავებმა, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, გასულ დღეებში უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცდება კანონით დაწესებულ ჩარჩოებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება,მშვიდად გააგრძელონ ფუნქციონირება, რომ არჩევნები ჩატარდა და დასრულდეს ამ ქვეყანაში, ასევე ამ რეგიონში.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც მოხდა საღამოს.ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია,  იმ საჩივრების განხილვის დროს, რომელიც შეტანილია არჩევნებში მონაწილე, სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოიჩინონ უმაღლესი პასუხისმგებლობა. ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ საშუალებას ჩრდილი მიყენონ არჩევნების შედეგების შეჯამებას. ამავე დროს იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ კანონს მიღმა დარჩენილ ქმედებაზე.

მათი მთავარი მიზანი არის არეულობის და რევოლუციული სცენარების პროვოცირება ჩვენს რეალობაში. რაც არის წარუმატებელი მცდელობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ის შედეგი რომელიც არის მათთვის არასასრუველი პოლიტიკური შედეგი, შეძლონ, რომ ღირსეულად მიიღონ და აღიარონ დამარცხება და პატივი სცენ მათი ამომრჩევლის ხმებს" - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი