ქობულეთის ოლქში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ღამით 11-საათზე ჩაინიშნა.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ, რომ მე-10 საარჩევნო უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმები უნდობლობას იწვევს და ისინი ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. ყვებიან, რომ აღნიშნული უბნიდან შემოსული სხვა საჩივრების განხილვაც უნდა მომხდარიყო, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა.
ენმ ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' მითითებით, ოქმი ბათილი ბიულეტენების ხარჯზე დააბალანსეს, რაც კანონდარღვევაა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ოლქის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე ''ქართული ოცნების'' პარტიულ ინტერესებს ატარებს.
81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემაჯამებელ ოქმში, ცვლილებების შეტანა მხარეთა მოკვლევის საფუძველზე მოხდა და ის საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით მიიღეს. შეამოწმეს ოქმებში ბალანსი, იყო თუ არა გადაცდომები და გარკვეული უზუსტობები. როგორც თავმჯდომარე ამბობს, კომისიას აქვს უფლება, 2/3 მიიღოს გადაწყვეტილება და შესწორების ოქმი მიიღოს სხდომაზე. გელა ხახნელიძე ენმ-ს განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს.
სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს 3-საკითხი, რომელიც ეხებოდა: მე-10, 43-ე და პირველ საარჩევნო უბნებიდან შესულ შემაჯამაებელ ოქმებში ცვლილებას, რომელსაც კომისიის 8 წევრი დაეთანხმა. ''პატრიოტთა ალიანსისა'' და ''ნაც. მოძრაობის'' კანდიდატები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.