აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება  - საგარეო საქმეთა მინისტრი 

08 ოქტომბერი 2020, 13:04 1349 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. დავით ზალკალიანის განმარტებით, აზერბაიჯანელ კოლეგებს დავით გარეჯთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარია ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა.

მინისტრის თქმით, მასზე და ხელისუფლებაზე ოპონენტების მხრიდან უსაფუძვლო შეტევა განხორციელდა.

''აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად, მის უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყანად და ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები, დემარკაცია-დემილიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

როდესაც განხორციელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, გვქონდა ძალიან საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი. კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა ჩვენს ურთიერთობებში.

შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს, ამიტომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და ეს პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად გაიგეს. ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ.

სამწუხაროდ ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა, ჩემზე პირადად, ასევე ხელისუფლებაზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თითქოს ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმაა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმდინარე ესკალაციასთან.

ჩვენი ვიზიტი, შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა, ეს პროცესი დაიწყო შმდეგ, 27 სექტემბერს, ეს არის საკითხის უპასუხისმგებლო პოლიტიზირების მცდელობა ოპონენტების მხრიდან.

გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ აზერბაიჯანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში