შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კახეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.
განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები. სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგაზრდებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
სახელმწიფო მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და მათი ინიციატივებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.