სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბელორუსიიდან საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავით მინდია ლავასოღლის ქვეყანაში ექსტრადაციას. ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა მთავარი აქცენტების წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს'' - აღნიშნულია განცხადებაში.
მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისა და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე არის გასამართლებული. მას 12 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის თურქეთში ინტერპოლმა 2018 წელს დააკავა და ბოლო 2 წელია მეზობელ ქვეყანაში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.
20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლავასოღლი თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და იგი ბელორუსიაში გადაიყვანეს.