სწავლა 15 სექტემბერს იწყება - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები

14 აგვისტო 2020, 11:25 3877 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, ახალი სასწავლო წელი 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება.

სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა:

> მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

 

> შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;

 

> შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;

 

> პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

 

> სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

 

> ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;

 

> სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

 

> ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

 

> ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;

 

> სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით,  თითოეული სკოლის სპეციფიკისა  და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); 

საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;

სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში