თურქეთში დროებით დასაქმებულები უკვე რამდენიმე კვირაა აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. გუშინ გამართულ აქციაზე თქვეს, რომ მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნამდე ხელისუფლება მათ ყოველთვიურად უნდა დაეხმაროს, რადგან შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრს, დღეს აღნიშნულ საკითხზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ჰკითხა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ რეგიონის შესაბამის უწყებებს დაავალებს საკითხი კიდევ ერთხელ შეისწავლონ.
''ამ ადამიანების დასახმარებლად ჩვენ გავაკეთეთ ცალკე სპეციალური პროგრამა. ერთჯერადი დახმარების. მე როგორც ვიცი დიდმა ნაწილმა ამ პროგრამით ისარგებლა.
დავავალებ აჭარის შესაბამის უწყებებს კიდევ ერთხელ ღრმად შეისწავლონ ეს საკითხი, თუ ასეთი ჯგუფი დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათაც მიზნობრივად დავეხმარებით'' - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით გამონაკლისი დაწესდა თურქეთში გრძელვადიან სამუშაოებზე დასაქმებული პირებისთვის. მათ სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, ასევე წამსვლელს უნდა ჰქონდეს მიწვევა თურქეთიდან და ამ მოწვევის ქართული თარგმანი, დამოწმებული ნოტარიულად.
არიან მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში, სარფის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებებში, ყოველდღიურად გადადიოდნენ და სავაჭრო ობიექტებში მუშაობდნენ. დახმარებას ისინი ითხოვენ.