2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში უმაღლესი – 59 ქულა 12-მა აბიტურიენტმა მიიღო. აღნიშნულ საგანში ტესტირებაზე კი 12 660-ზე მეტი პირი იყო რეგისტრირებული.
20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი, 70 ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება.
''ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
სოფიო გორგოძემ 2020 წლის საგამოცდო პროცესი დღეს, 5 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეაჯამა.