ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან რა ბინძური მეთოდებით ებრძოლონ მაჟორიტარობის კანდიდატებს - რიჟვაძე ხულოს ინციდენტზე

04 აგვისტო 2020, 16:21 2298 ნახვა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმმართველი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე სცემეს. ინციდენტში ფიგურირებდა პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. 

ბოლქვაძე ხულოს მაჟორიტარი დეპუტატია, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ''ქართული ოცნების'' კვოტით იყრის კენჭს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. 

საკითხზე დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ოპონენტები კანდიდატებს ბინძური მეთოდებით ებრძვიან. რაც შეეხება ანზორ ბოლქვაძეს, მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ინციდენტის დღეს ბოლქვაძე აჭარაში საერთოდ არ იმყოფებოდა. 

''ჩვენ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით აჭარაში, სამივე სამაჟორიტარო ოლქში წარვადგინეთ იმდენად ძლიერი და ღირსეული კანდიდატები, რომ ჩვენმა ოპონენტებმა არ იციან რა ბინძური მეთოდებით ებრძოლონ მათ. ესეც ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ბატონი ანზორ ბოლქვაძე, იმ დროისთვის, როცა ინციდენტზეა საუბარი საერთოდ არ იმყოფებოდა არც ხულოში და არც აჭარაში. ეს რა თქმა უნდა  გაგრძელდება, რადგან ჩვენი ოპონენტების ხელწერაა, დააბრალონ ყველა ღირსეულ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოს, არაპოლიტიკოსს და შემდეგ ჩააყენონ თავის მართლების რეჟიმში. ამ ხაზსს არავინ არ გაყვება. არავის მივცემთ უფლებას გვებრძოლოს ბინძური მეთოდებით და ჩვენს კანდიდატებს ჩირქი მოსცხონ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძეც. ის ირწმუნებოდა, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, უბრალოდ ალპურ ბაღში დაეცა და დაზიანებები სწორედ იქ მიიღო.

გავრცელებულ ინფორმაციას კი ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ დადგმულ პროვოკაციად აფასებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი