საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება - Lonely Planet

23 ივლისი 2020, 21:15 3959 ნახვა

მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა. გამომცემლობა ვრცელ სტატიას და ვიდეორგოლს უძღვნის, საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს "იმუშავე დისტანციურად საქართველოდან" 

პროექტის ფარგლებში, მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„პოსტ-პანდემიურ პერიდოში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის მთავრობას ფრილანსერებისა და თვთდასაქმებულების მოზიდვა სურს, რათა მათ საქართველოში იმუშაონ და იცხოვრონ. პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა“, - წერს ჟურნალისტი რიჩარდ ქოლეთი.

სტატიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატაა მოყვანილი.

„ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან.“

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში