რუსთაველის ხიდთან მსგავსი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ისტორიული სივრცე მახინჯდება - ენმ

15 ივლისი 2020, 16:55 1400 ნახვა

ქუთაისში რუსთაველის ხიდთან დაგეგმილ მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. ტერიტორია კულტურული მემკვდირეობის არეალშია.

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის ცენტრში მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც მისი თქმით, სავარუდოდ, კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

შუშანიას განცხადებით, ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ისტორიული სივრცე მახინჯდება.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა.

"ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც აჩენს ეჭვს, რომ არის კორუფციული გარიგება. კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. ნაცვალად იმისა, რომ გუბერნია და სააგენტო გელათში არსებული პრობლემით დაინტერესდეს, მსგავს შენობაზე ნებართვას გასცემენ. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დავასრულოთ ოქტომბერში", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ რუსთაველის ხიდთან შერეული ფუნქციის, გამჭვირვალე შენობა აშენდება. სსიპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ უფროსის რუსუდან ჩინჩალაძის განცხადებით, ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა 2017 წელს გაიყიდა, რის შემდეგ პროექტზე დაიწყო მუშაობა, მერიის და კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს ჩართულობით კი მისაღები ვარიანტი შეირჩა.

„2019 წელს კომპანიამ შემოიტანა მონახაზი, რომელიც ერთხმად დაიწუნა ძეგლთა დაცვისა სააგენტომ და ქალაქის ხელმძღვანელობამ. მძიმე ნაგებობა რომ არ მიგვეღო, შევარჩიეთ პროექტის ვიზუალი. მივიღეთ ღია ტიპის სრულიად გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ხედვის არეალს არ გვიზღუდავს არც ოქროს ჩარდახისკენ, არც ნიკიტინის ქუჩის სკვერისკენ"- განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, ხიდთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობასთან ახლოს კაფე უნდა აშენდეს. ამჟამად ტერიტორია შემოღობილია და დასმულია რკინის ბოძები. არსებული ესკიზის მიხედვით კაფე ორსართულიანი და ღია ტიპის იქნება. მშენებლობას შპს "მაგნოლია" ახორციელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა რამდენიმე წლის წინ მიიღეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი