დაპირისპირება ოპოზიციაში: მოძრაობა ''ძალა ერთობაშია'' დაშლის პირას არის

08 ივლისი 2020, 15:10 2879 ნახვა

მოძრაობა ''ძალა ერთობაშია'' დაშლის პირასაა. გაერთიანების წევრების თქმით, მიუხედავად წერილობითი შეთანხმებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა იმის გადასაწყვეტად, მათთან ერთად წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე თუ დამოუკიდებლად. 

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, ''ძალა ერთობაშია'' საპარლამენტო კოალიცია უნდა ყოფილიყო. 

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების ნაწილს კოალიციის ფორმატში მუშაობა სურს, ნაწილს კი არჩევნებში დამოუკიდებელ პარტიად გასვლა ურჩევნია. 

პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას'' თავის დროზე სჭირდებოდა ბევრი პარტიის გაერთიანება, არჩევნების წინ კი ყველაფერი ''თვლით'' არის.

მისივე თქმით, მოძრაობაში გაერთიანებული არიან ძირითადად ერთკაციანი პარტიები, რომლებსაც საკუთარი ამომრჩევლები არ ჰყავთ.

''ამ ტიპის ძალიან ხელოვნური გაერთიანებების ბევრი არაფერი მესმის. ასეთი გაერთიანებები შეიძლება შედგეს თემატურ საკითხებზე. ძალა ერთობაშიას შემადგენლობაში ძირითადად ერთკაციანი პარტიებია გაერთიანებული, რომელსაც ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩეველი არა ჰყავთ. ''ნაციონალურ მოძრაობას'' წმინდა ტაქტიკური მოსაზრებებისათვის რაღაც ეტაპზე სჭირდებოდა გაბევრება და მოჩვენება, რომ ბევრი პარტიის გაერთიანებაა. ეს შუალედურ ეტაპზე გარკვეულ ტაქტიკურ მიზნებს ისახავდა. დღეს უკვე არჩევნები მოდის და არჩევნებზე ყველაფერი თვლით არის.

გასაგებია, ერთკაციანი პარტია სიაში სამ ადგილს, რომ მოგთხოვს ეს მაინც და მაინც არ მოგეწონება.

შესაბამისად, ეს საერთო სურათს არ ცვლის. როდესაც იშლება კოალიციები, რომელსაც აქვს მხარდაჭერა და ეს ელექტორალურ განაწილებაზე აისახება, მაშინ კი, ბატონო, ამის განხილვა ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ელექტოლარულად არაფერი არ იცვლება. იმიტომ, რომ ეს მთლიანად ''ნაციონალური მოძრაობის'' იყო. ეს 10 პარტია ამას რომ მოშორდება, საარჩევნოდ არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, მორიგი შარი-შური და ხმაური იქნება. ქარიშხალი ჭიქაში, მეტი არაფერი'' - განაცხადა ექსპერტმა. 

კითხვაზე: რა შანსები აქვს გაერთიანებას  ''ნაციონალური მოძრაობის'' გარეშე, გია ხუხაშვილი ასე პასუხობს: ''ნაციონალური მოძრაობის'' გარეშე რა შანსი ექნება ''ძალა ერთობაშიას''? ნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, მაინც ნული გამოვა''.

ოპოზიციურმა პარტიებმა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 2018 წლის ივნისში დააფუძნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი