ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ. ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში მიიღებს. ისინი ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.
I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი, ამავე ბრიგადის მე-12 ბატალიონისგან უფლებამოსილებას რამოდენიმე დღეში გადაიბარებს და სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება. უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ მე-12 ბატალონის ასეული სამშობლოში დაბრუნდება.
მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. დასკვნითი ეტაპი, ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები სამშობლოში გაიარა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.