ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იწყება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა გაიმართება. ცნობილია, რომ ''ევროპული საქართველო'' და ''ნაციონალური მოძრაობა'' ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
სხდომის პარალელურად მოძრაობა ,,სირცხვილიას“ და ''შეცვალეს'' წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ და ''ქართულ ოცნებას'' მოუწოდებენ, 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს.
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ისინი ითხოვენ, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩააგდოს და საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დაუჭიროს.
''ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ერთის მხრივ ამ შენობიდან უნდა გამოვიდეს დადებითი პასუხი, პოზიტიური სიგნალი, რომ მესამე მოსმენითაც მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება. ასე უკეთეს საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. მეორე ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდეს ცნება პოლიტიკური პატიმარი. ძალიანა აზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, როცა სენატორები, ევროპალრამენტარები ყოველდღიურად იწერებიან, რომ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმარი. საქართველო უნდა უსმენდეს და იღებდეს ყველა რჩევას და მოთხოვნას დასავლეთიდან. ამ განცხადებების ბანზე აგდება მიუღებელია'' - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან გიგა მაქარაშვილმა.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პარალელურად, გიორგი რურუას სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.