გახარიას წლიური ანგარიში

28 ივნისი 2020, 20:04 1884 ნახვა

ისტორიულ კენჭისყრამდე ერთი დღე რჩება. ხვალ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რაც პროპორციულთან მიახლოვებული მოდელის-120/30-ზე თანაფარდობის დამტკიცებას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან, შემოდგომაზე, 30-ს მაჟორიტარული, 120-ს კი პროპორციული წესით ავირჩევთ. უმრავლესობა შეძლებს ამ კანონპროექტის მიღებას ოპოზიციის ხმების  გარეშეც- დარწმუნებულია პრემიერ მინისტრი. გიორგი გახარიამ ამის შესახებ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა მოხსენებისას  თქვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი, გრძელდება და აქტიურად ღრმავდება; მთავარ გამოწვევად დაასახელა ოკუპაცია. მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება მთავარ პრიორიტეტად და საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიურ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა იყოს ყოველდღიური შრომის საგანი. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ქვეყნის ძირითად მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისთვის. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, დახმარებისთვის, რომელიც მათ გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ასევე თქვა, რომ ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია. თითქოს ყველაფერზე ისაუბრა, თუმცა ოპონენტები მაინც უკმაყოფილო დატოვა.

პრემიერს მოხსენებაში არ უხსენებია 20 ივნისი, რაზეც ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. ასევე უთხრეს, რომ სისტემა არა თუ დაამარცხეს, არამედ-გადმოიბირეს; რომ სახელმწიფო ისევ არაფერს ამბობს საქართველოს მოქალაქის, ისლამური ექსტრემიზმისა და რუსული აგენტურის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მაშინ, როცა გერმანია რუსეთის სანქცირებას აპირებს, რომ  სუსში ჟურნალისტებს და მათ რესპონდენტებს არ უნდა იბარებდნენ და ამით ადამიანებს არ უნდა აშინებდნენ...მოკლედ, ბევრი ითქვა, თუმცა ბევრის უთქმელობის გამო გააკრიტიკეს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში