ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. 250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.ბათუმის ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას. განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლის პროექტირება.