ადგილები აჭარაში, რომლის ნახვასაც ტურიზმის დეპარტამენტი ვიზიტორებს ურჩევს

16 ივნისი 2020, 17:36 4098 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. ვიზიტორებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველი ლოკაცია შეარჩიონ - იმოგზაურონ მთიან აჭარაში, ნახონ ისტორიულ-კულტურული ადგილები ან არჩევანი გააკეთონ ველომარშრუტზე. 

უწყების ინფორმაციით, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო შეთავაზებაა ღვინის ტური.

''ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნების მსურველებმა აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედას, რომელიც გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ღვინის ტურისას საოჯახო მარნებში სტუმრობის პარალელურად შესაძლებელია მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულებაც'' - აცხადებენ დეპარტამენტში.

შემდეგია ისტორიულ-კულტურული მარშრუტი

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამოირჩეული მიმართულებაა. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

ასევე ტურისტებს სთავაზობენ სათავგადასავლო მარშრუტს.

''ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში ბდებარეობს. მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღს''. 

მოგზაურობა აჭარულ სოფლებში

ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში ეხმარება ტურისტებს. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარე მასპინძლებს შეხვდებით.

ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში სრულდება. სოფელში, საპიკნიკე ტერიტორიასთან სტუმრებს საშუალება აქვთ მოინახულონ მირვეთის ჩანჩქერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა.

ტურიზმის დეპარტამენტი სტუმრებს ეკოტურისტულ მარშრუტებსაც სთავაზობს.

''ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თავგადასავლების მოყვარულთათვის'' - აცხადებენ უწყებაში. 

შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა. უცხოელი ვიზიტორებს კი რეგიონში 1 ივლისიდან ელოდებიან. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი