სად და რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სავალდებულო ცნობილია 

15 ივნისი 2020, 12:30 2527 ნახვა

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისათვის და ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო.

აღნიშნულის შესახებ, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქალაქეებთან, სადაც ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის  თავს. ასევე საჯარო და კერძო დაწესებულებებში შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის დისტანციის დაცვა. მაგალითად: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება, სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ასევე შეხვედრებზე გამომსვლელს, მომხსენებლს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენებისას თუ ამ ადამიანს შეუძლია 2 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც გახლავთ მაღალი რისკის შემცვლელი ობიექტები. სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ცენტრებში, სადაც ასევე ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება ასევე მეტროპოლიტენი და ტაქსები. ეკონომიკური საქმიანობების წარმოების დროსაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისათვის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესდა გამონაკლისები. ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში,  კანონით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრებათ.

"ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, აქ გავითვალსიწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაცია, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა. ბრონქული ასთმის, ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე, შშმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

პირბადის ტარება არ იქნება სავალდებულო სპეციალიზებულ  დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფის, კონკრეტული, სოციალური სერვისის მიწოდებისას. მაგალითად: ლოგოპედის მომსახურებისას"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, კერძოდ დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. 

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკურ პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. მოქალაქეებთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც. ტრანსპორტის შემთხვევაში კი მძღოლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი