ბათუმის ბულვარში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. ბულვარის ადმინისტრაციამ ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახის სკამებისა და პლაჟზე გადასასავლელი ხის ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 98 753 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, მოხდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული სკამების რეაბილიტაცია, დაზიანებული ძელების შეცვლა, გადასასვლელი ბილიკების არსებული და ახლად მოწყობილი ხის ფიცრების შეღებვა და სხვა.
ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟზე განთავსებულ გასახდელებზე არსებული ტენტის საფარის ალუმინის პანელით შეცვლასაც გეგმავს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 21 186 ლარი დაიხარჯება.
ბათუმის ბულვარის დირექტორი აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ 15 ივნისამდე ყველა ის გასახდელი, საშხაპე და გადასასვლელი ბილიკი, რომელიც შარშან ფუნქციონირებდა განახლდება. ტენდერის დასრულების შემდეგ კი მათი რაოდენობა გაიზრდება.
"ჩვენი ძალებით, სპეციალისტებითა და რესურსით 15 ივნისამდე ყველა იმ გასახდელს განვაახლებთ, რაც ბათუმის პლაჟებზე გასულ წელს იყო განთავსებული, ყველა საშხაპე იქნება ჩართული და შარშან მოქმედი ბილიკები განახლებული. როგორც კი შედგება ეს ტენდერი იგეგმება ბილიკების დამატება, გაიზრდება საშხაპეებისა და გასახდელების რაოდენობაც.
გასახდელები ამ ეტაპზე ტენტით შეიფუთება, თუმცა ტენდერის დასრულებისთანავე მოხდება მათი შეცვლა და ისინი კაპიტალური ალიკაბონდით შეიცვლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტენდერის დასრულებამდე არ იქნება გასახდელები და საშხაპეები.
15 ივნისიდან პლაჟზე დაახლოებით 24 საშხაპე იფუნქციონირებს, დანარჩენი კი მოგვიანებით დაემატება"-აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.
ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გასახდელებთან დაკავშირებით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და მათ ყოველდღიურად დეზინფექცია ჩაუტარდება.
"გასახდელებთან დაკავშირებით ჯერ ვფიქრობდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მუშაობის პროცესში მიდგომა შეიცვალა, ვინაიდან ჩვენი გასახდელები არ არის დახურული და არის ღია ცის ქვეშ, ამიტომ დაიშვა. ამასთან გაიცა რეკომენდაცია, რომ ბულვარის ადმინისტრაცია მას ყოველ დღე, დღის ბოლოს სველი წესით დაამუშავებს. არ არის გამორიცხული, რომ ამ რეგულაციებში ცვლილებები შევიდეს გამკაცრდეს ან შემსუბუქდეს მოთხოვნები ვითარებიდან გამომდინარე"- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
რაც შეეხება შეზლონგებს, ბულვარის დირექტორის განცხადებით, ისინი რეკომენდაციებს ელოდებიან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი განთავსება და რა წესები უნდა დაიცვან, ამიტომ შეზლონგებზე აუქციონი ჯერ არ გამოცხადებულა.
"ჩვენ ველოდებით საპლაჟო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს, თუ როგორ განცხორციელდება და რა რეგულაციები იქნება. ამიტომ დღეის მდგომარეობით შეზლონგებისთვის არა გვაქვს აუქციონები გამოცხადებული. როგორც კი მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. ვართ ჩართული ჯგუფში, რომელიც ამუშავებს ამ რეგულაციებს, დაახლოებით ვიცით თუ რა იქნება. ვიცით, რომ უნდა იყოს დაცული დისტანცია მეტრონახევრიდან 2 მეტრომდე, ყველა მოხმარებულ შეზლონგს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია და დამუშავდეს სპეციალური ხსნარებით. ბულვარი იღებს ვალდებულებას, რომ საინფორმაციო ბანერები განათავსოს პლაჟებზე, იქნება ხმოვანი გაფრთხილებები და მუშავდება ჯგუფი თუ მონიტორინგის სამსახურთან ერთად, რომელი სამსახური ჩაერთვება აღნიშნულის მონიტორინგში, თუმცა ველოდებით დოკუმენტის დამტკიცებას ოფიციალურად"- განაცხადა ბულვარის დირექტორმა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე წელს კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი მოეწყობა.
ფოტო:არქივი