ბათუმში უკანონო მშენებლობები არ ჩერდება, ხშირ შემთხვევაში კი ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. კერძო პირები კვლავაც სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით, მიწას კი უკანონო მშენებლობებით იკავებენ - ეს დარღვევები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მას შემდეგ გამოავლინა, რაც ბათუმის მერიის მიერ 2016-2018 წლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.
სახელმწიფო მაკონტროლებელმა დარღვევები აღმოაჩინა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის - კა ორის მოსაკრებლის განსაზღვრის საკითხშიც, ხოლო მშენებლობის ნებართვის მაძიებლებთან მიმართებაში მერიის მხრიდან არაერთგვაროვანი მიდგომა დააფიქსირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს კერძო სუბიექტების ინტერესებს.
მერიაში ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბრალდებების ადრესატები არ არიან, პრობლემას კი კანონმდებლობის ხარვეზებსა და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ხედავენ. უფრო კონკრეტულად რომელი უნებართვო მშენებლობები მოხვდა სახელმწიფო მაკონტროლებლის მიერ მომზადებულ დასკვნაში და როგორია თვითმმართველობაში მოძებნილი პასუხები.