საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან მოიხსნება, თუმცა მწვავე დისკუსიის საგნად იქცა პროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების გატარების უფლებას აძლევს. ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 80-ით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ უჭერენ.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ ცვლილებები არაკონსტიტუციურია. კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი.