შეწყდეს დისკრიმინაციული პოლიტიკა-„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“

03 მაისი 2020, 17:56 1872 ნახვა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს,მოუწოდებს დაუსაბუთებელი, ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. საქმე ეხება ბოლნისის სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანის საშუალება არ მისცეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თავდაპირველი განცხადებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი და რელიგიურმა ლიდერებმაც ითამაშეს გარკვეული როლი.

მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში.  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი წერს, რომ მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციასა და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა.

ასევე, შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;ამასთან უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი