პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავა

27 აპრილი 2020, 18:35 2151 ნახვა

ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების დაპირისპირების დროს მომხდარი ამბის გამო პოლიციამ ამავე მონასტრის წინამძღვარი მამა დავითი (საერო სახელი – კობა კობაიძე) დააკავა.

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, მამა დავითი 2 დღის წინ დაკითხვაზე დაიბარეს პოლიციაში, გამოკითხვის შემდეგ კი დააკავეს.

ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).

არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.

წყაროს ცნობითვე შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულ სასულიერო პირებს აშველებდა.

დაჭრის და დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე იობი. ასევე, მომხდარს უარყოფს დაპირისპირებაში მონაწილე და დაჭრილი არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი). 22 აპრილს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ყინწვისის მონასტერში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი