პანდემიის გამო მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა

06 აპრილი 2020, 14:10 2019 ნახვა

მარტის თვეში მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა,- ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა. 
FAO - ს ინფორმაციით, მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის  მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, - წერს ორგანიზაცია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა  172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია. ,,ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები’’, ამბობს აბდოლრეზა აბასიანი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი. 

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა: წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული განპირობებულია სახლის გარეთ მოხმარების კლებით,  რაც თავისთავად დაკავშირებულია ბევრი ქვეყნის მიერ გატარებულ შეზღუდვებთან და ასევე, ეთანოლის მწარმოებლებისაგან დაბალ მოთხოვნასთან, მას შემდეგ, რაც ნედლ ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

FAO-ს ინფორმაციით,  მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება.    
,,ზეთის ფასი წინა თვეში თითქმის განახევრდა, რაც  დიდ გავლენას ახდენს ბიო საწვავის ფასის მკვეთრ კლებაზე, რადგან ბიო საწვავი არის მოთხოვნის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო შაქრისა და მცენარეული ზეთის ბაზარზე’’, ამბობს FAO-ს ანალიტიკოსი პიტერ თეონესი. 
 FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებულია კლებადი კვოტებით და გლობალური იმპორტის შემცირებული მოთხოვნით მაღალი და საშუალო ცხიმშემცველობის რძის ფხვნილებზე. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, რძის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით. 

მარტში, FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.9 პროცენტით დაეცა თებერვალთან შედარებით და თითქმის 2019 წლის მარტის მაჩვენებლის დონეზე დადგა. ხორბლის საერთაშორისო ფასი შემცირდა, ხოლო დიდი გლობალური მარაგების ეფექტებმა და  სასურველი მოსავლის პროგნოზებმა გადაწონა ჩრდილოეთ აფრიკიდან გაზრდილი იმპორტის მოთხოვნის ეფექტი და რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მცირე შეზღუდვები ექსპორტზე.  
სიმინდის ფასიც შემცირდა, როგორც მნიშვნელოვნად დიდი მიწოდების, ისე ბიო-საწვავის სექტორის გაცილებით შესუსტებული მოთხოვნის გამო. 
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს.
FAO აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ფასებზე და სასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკურ საკითხებზე და განსაკუთრებით აკვირდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, სადაც პანდემიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამწვავოს სურსათის მიწოდების პრობლემა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით. ამ ტიპის ხორცზე ექსპორტის ხელმისაწვდომობა მაღალია და ვაჭრობის სფეროს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აზარალებს ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, მერყევი გლობალური მოთხოვნის ფონზე, გაიზარდა ღორის ხორცის კვოტები; ამავდროულად, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუშახელის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.  

მარცვლეულის მარაგები 
FAO-ს 2020 წლის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოების მაჩვენებელი წინა თვიდან არ შეცვლილა; ბოლო რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა,  რაც დიდ მარაგებთან ერთად, სასურსათო ბაზრებს დაიცავს  არეულობისგან კორონავირუსის შტორმის პერიოდში. 
FAO-ს 2020 წლის პროგნოზი მსოფლიოში ხორბლის წარმოების შესახებ წინა თვიდან არ შეცვლილა და კვლავ 763 მილიონი ტონაა; არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და პაკისტანი გაზრდიან წარმოებას, თუმცა გადამფრენი კალიების ინვაზიამ შესაძლებელია შეაფერხოს მოსალოდნელი ზრდა. 
რაც შეეხება სიმინდს, მთავარ საკვებ მარცვლეულს, რეკორდულ მოსავალს მოელიან ბრაზილიასა და არგენტინაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, როცა დიდმა გვალვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსავალზე. სხვა ქვეყნებში, დათესვის შესახებ გადაწყვეტილებებზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სიმინდზე საერთაშორისო ფასების კლებამ, - ამბობს ორგანიზაცია.
FAO-ს 2019-2020 წლების პროგნოზი მარცვლეულის მოხმარებასთან დაკავშირებით, მცირედით გაიზარდა 2 722 მილიონ ტონამდე, რაც ნიშნავს წლიურ 1.2% ზრდას. მოელიან, რომ მსოფლიოში მარცვლეულის მარაგი 2020 წლის სეზონის ბოლოს სეზონის დაწყებასთან შედარებით, 8 მილიონი ტონით შემცირდება,  რაც გლობალური მარცვლის მარაგი-მოხმარების თანაფარდობას 30.7 პროცენტზე დაიყვანს. ეს მაინც კომფორტულ დონედ ითვლება. პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გაყიდვა 2.3 პროცენტით გაიზრდება წინა წელთან შედარებით და  420 მილიონ ტონას მიაღწევს, - ვარაუდობენ FAO -ში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი