ხულოდან ბათუმის კლინიკაში 30 წლის ქალი გადმოიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა საეჭვო სიმპტომები ჰქონდა.
ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საკარანტინო პერიოდი უკვე გასული იყო.
ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ პაციენტი უკვე გადმოყვანილია ცხელების ცენტრში, მიმდინარეობს დაკვირვება. ახალგაზრდა ქალს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს.
''თუ ვირუსი დაუდასტურდა, მას მედალფაში გადაიყვანენ და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. საკარანტინო პერიოდი უკვე გასული იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ მისი ბათუმში გადმოყვანა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ზაალ მიქელაძემ.
ბათუმში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი მკურნალობს.
დღეს covid-19 ათი წლის ბავშვსაც დაუდასტურდა, თუმცა ოჯახის თხოვნით მოზარდი თბილისში გადაიყვანეს.