სოციალურად დაუცველ ოჯახებს იანვარსა და თებერვალში შეჩერებული შემწეობა აუნაზღაურდებათ - სამინისტრო

01 აპრილი 2020, 12:31 2065 ნახვა

იანვრისა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.
სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ქონდათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

"მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც.

ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას"-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ფოტო:სოციალური ქსელიდან

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში