გუშინ, 2020 წლის 19 მარტს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მკაცრი რეკომენდაცია გასცა და ქვეყნის მასშტაბით,სავაჭრო ობიექტებს, სამშენებლო თუ სავაჭრო ობიექტებზე მუშაობა შეაჩერა. COVID 19-ის პანდემიის გამო, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეები მინიმალურად უნდა გამოვიდნენ ქუჩებში. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც გახდეს აუციელებლი.
აკრძალვის მიუხედავად, "ბათუმი რივიერას" ტერიტორიაზე მუშაობა მიმდინარეობს, ვიდეო სოციალურ ქსელში "მწვანე ალტერნატივამ" გამოაქვეყნა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა "სილქ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლებს. "ბათუმი რივიერას" დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე "სილქ როუდ ჯგუფი" იქ არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებს.
"კომპანიამ სატესტო სამუშაოები ჩავატარეთ მანამ, ვიდრე საერთოდ ეს პროცესები დაიწყებოდა. ვგულისხმობ პანდემიის გამოცხადებას. ჩვენ იქ არანაირ სამუშაოებს არ ვატარებთ ახლა, შესაძლოა ადგილზე საკონსერვაციო სამუშაოებს ასრულებდეს ქვეკონტრაქტორი კომპანია და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ. ტყუილია ის განცხადება, თითქოს რაღაცას ვასწერბთ და სიცრუეს ავრცელებენ ეს ჯგუფები," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ე.წ. რივიერაზე, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" 5 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელსაც მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს. წელიწადზე მეტია აქციები სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს.
კომპანიას ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა რამდენიმე თვის წინ მისცეს.