ზიარების წესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიმართვა მღვდლებს - დაელოდეთ სინოდს

19 მარტი 2020, 16:18 2063 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოში ხვალ, 20 მარტს, სინოდის სხდომაა ჩანიშნული. ცნობილია, რომ სინოდის წევრები კორონავირუსის საფრთხეებზე ისაუბრებენ. მანამდე კი, საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, რომ მთავარ სადისკუსიო თემაზე - ზიარების წესზე მოსაზრებების დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.

"კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00  საათზე  გაიმართება" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

COVID 19-თან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, მათ შორის ზიარების წესის დროებით შეცვლაზე (ერთჯერადი კოვზებით, ან შეჩერებაზე). ამ წესის მიხდევით,  ასეულობით მორწმუნის ბარძიმიდან ზიარება ერთი კოვზით ხდება და ვირუსის გადადების საფრთხეები არსებობს. 

ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინებოდა ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. რაც შეეხება თავად პროცესში, ბარძიმის კოვზის შეცვლის საკითხს, ზიარების არსიდან და წესიდან გამომდინარე უარი თქვეს. 

კონკრეტული მღვდელმსახურები კი ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. 

მსოფლიოში, სხვადასხვა რელიგიურმა კონფენსიებმა კონკრეტული ზომები გაატარეს, რიგ ქვეყნებში კი, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროებით შეჩერდა ღვთისმსახურება ტაძრებში.  

რუსეთის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ ზიარების შემდეგ საზიარო კოვზი სპეციალური წესით გაიწმინდება. უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე ტიპის ზომებს საქართველოს საპატრიარქო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი