აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მზად არის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან განიხილოს საკითხები თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აჭარაში.
ირწმუნება, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმრავლესობას მმართველი პარტია არჩევნების ნებისმიერი მოდელით ჩატარების შემთხვევაში მოიპოვებს.
"როგორც გითხარით, ჩვენ ვართ მზად გვქონდეს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან, რომ არჩვენების ჩატარებასთან დაკავშირებით შევჯერდეთ იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ცენტრალურ დონეზე არსებულ როგორც პოლიტიკურ, ასევე კონსტიტუციურ ლოგიკასთან, იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი კიდევ უფრო შედეგიანი და სამართლიანი გავხადოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში "ქართული ოცნება" მოიპოვებს უმრავლესობას" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარაში ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს. არსებული მოდელის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 15 პროპორციული სიით, ხოლო 6 მაჟორიტარულით. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარული სისტემა მთლიანად უნდა გაუქმდეს.