კიდევ ერთი გამაფრთხილებელი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტარებისგან ისევ წერილის სახით მიიღო. შინაარსი ასეთია: საქართველომ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვია – აქცენტს კი საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე აკეთებენ. წერილში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და 20-21 ივნისის აქციებზე. ევროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას სთხოვენ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ წერილის ადრესატი არის გიორგი გახარია, თუმცა დაიწერა ბიძინა ივანიშვილის საყურადღებოდ. ამბობენ, რომ თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, საქართველოს იმიჯი შეილახება. ქართული ოცნება არ აღიარებს კრიზისს და არც იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.