საოკუპაციო ხაზთან მდებარე მაღალმთიან სოფლებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მთის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ეს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს დაეხმარება და მათი სოციალური პირობები გაუმჯობესდება.
გიორგი გახარიას თქმით, ეს შეეხება 58 სოფელს და 25 000 მოქალაქეს.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერმა.
2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. დღეისათვის საქართველოში არსებული დასახლებების თითქმის ნახევარი, 1 731 დასახლება მაღალმთიანის სტატუსით სარგებლობს