საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს, 5 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მას ქართულ ეკონომიკაზე მცირე გავლენა ჰქონდა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან.
''დღეს ჩვენ განვიხილავთ ზემოქმედებას ეკონომიკაზე, პირველ რიგში, შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენა, მცირედი ზეგავლენა ჯერ-ჯერობით დღევანდელი დღისთვის უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით.
ქართულმა ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური აღწერილობით ირჩევს.
''ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს, ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზემოქმედების მინიმალიზაცია'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.