საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა და ქვეყნის პოზიციების წარმოჩენა პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯები არც დათმობას, არც შეგუებას და მითუმეტეს გარიგებას არ ნიშნავს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ოკუპაციას იმისთვის თუ იყენებს, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და საზოგადოების ერთსულოვნებას.
„თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.
როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.