კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. გუშინ საქართველომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. საზღვარი ჩაკეტა სომხეთმა. ვირუსი 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის იტალიაში სადაც საფრთხის გამო საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გააუქმეს. ერთ-ერთი ღირსშესანიშნეობა, მილანის საკათედრო ტაძარი კი ტურისტებისთვის დახურეს.
ახლა საქართველოში მსჯელობენ, კორონავირუსის გამო გადაიხედება თუ არა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხიც. ამ ეტაპზე მთავარი გაფრთხილება და რეკომენდაცია ირანსა და იტალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებაა. ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანა მიმართვიანობის შემთხვევაში მზადაა გაუმკლავდეს გამოწვევას.